
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „chtab2020“ გაიმართა
2020 წლის 20-21 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ბიოპოლიმერები, ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“.
კონფერენციის ჩატარების იდეას 2 წლის
უკან ჩაეყარა საფუძველი, რადგან, აგერ უკვე მესამე ათეული წელი სრულდება რაც თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი
ჯგუფი ორგანული და ბიოორგანული ქიმიის მიმართულებით აქტიურად ახორციელებს ერთობლივ
სამეცნიერო კვლევებს „ბიოპოლიმერების ნაწარმთა სინთეზზე და გარდაქმნებზე“.
კონფერენციების მიზანი იყო კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების თვალსაზრისით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მოთხოვნადია სხვადასხვა (ქიმიური, საკვები, ფარმაცევტული და ა.შ.) ინდუსტრიაში და რამდენიმე სამეცნიერო სფეროს (ბიოლოგია, ქიმია, ტოქსიკოლოგია, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა) გადაკვეთას წარმოადგენს. ყოველივე ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების გაცვლას და თანამშრომლობას, ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას საერთაშორისო კვლევებში; ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინოვაციური სამეცნიერო კვლევების ეფექტურად განხორციელებას.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „chtab2020“, მონაწილეობა მიიღო
როგორც ქართველმა
ისე უცხოელმა
მეცნიერებმა: პოლონეთიდან (პოზნანი), ყაზახეთიდან (ალმათი), მექსიკიდან (მეხიკო), რუსეთიდან (მოსკოვი), უკრაინიდან (ლვოვი). კონფერენციაზე „chtab2020“, ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა წარმოადგინეს 44 სამეცნიერო ნაშრომი კონფერენციის ვებ-გვერდზე www.chtab2020.com.ge.
განთავსებული სექციების მიხედვით:
ბიოპოლიმერების ქიმიური
სინთეზი, მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებიდან გამოყოფა, ანალიზი, კვლევა;
მცირენარჩენიანი, მაღალპროდუქტიული ინოვაციური ტექნოლოგიები;
ბიომასალები, ბიონანომასალები;
ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებადი პოლიმერები;
სასურსათო, გარემოს დაცვითი პრობლემები.
დადებითი ემოციებით დატვირთული 2 დღის განმავლობაში 11.00-დან 17.00-საათამდე 1 საათიანი შესვენებით კონფერენციაზე წაკითხულ იქნა 21 სამეცნიერო მოხსენება ქართულად და ინგლისურად – კონფერენციის ვებ-გვერდზე განთავსებული თემატიკით.
კონფერენციაში ჩართული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის - ახალგაზრდა მეცნიერები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, პროფესორები; აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების: ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის, პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ბათუმის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის, რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარები.
21
ოქტომბერს, დღის ბოლოს მომხსენებლებს ელექტრონულ მისამართზე დაეგზავნათ სერტიფიკატები კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებისთვის.
კონფერენციის მე-3 დღეს, 22 ოქტომბერს, დელეგატების მცირე ჯგუფი ესტუმრა ქართული ღვინის გილდიას, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის აკრედიტირებულ სომელიეს ზაზა გრიგალაშვილს - შპს “ქართული ღვინის კოოპერაცია - 8000 მოსავალი“-ში, რომელსაც პირადად გადაეცა სერტიფიკატი კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ქართველი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი „იბერიული ქისის“, ხიხვის ქვევრის „გიუაანი“-ს, „ქინძმარეული“-ის ღვინოები. ბატონმა ზაზამ მოკლე ექსკურსით გააცნო კონფერენციის წევრებს ქართული მაღალი ხარისხის ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების კატალოგი.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „chtab2020“ წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდა სამეცნიერო შრომათა კრებულში - წიგნში „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“, ტომი 1. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონფერენცია საქართველოში ორგანული და ბიოორგანული ქიმიის მიმართულებით ჩატარდა პირველად. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია არ იქნება ერთჯერადი, მას ექნება სისტემური ხასიათი და ჩატარდება 2022 წელს – „chtab2022“.
უფრო
ვრცლად და დეტალურად: კონფერენციის დღის განრიგი,
მოხსენებათა თეზისები, კონფერენციის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო-გალერეა,
ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა ელექტრონული წიგნი - <Сhemical and
Тechnological Aspects оf Biopolymers> V.1. და სხვ. ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე: www.chtab2020.com.ge
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
