პროფესორი გიორგი ანთელავა სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა
2022 წლის 26 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ ქართულ-თურქულ სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საგანგებოდ დააჯილდოვა გამოჩენილი ქართველი თურქოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ანთელავა.
– ბატონო გიორგი, მე დღეს დიდი პატივი მაქვს, გადმოგცეთ სპეციალური დიპლომი, რომლითაც გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უნივერსიტეტისა და პირადად ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, თქვენი პიროვნებისადმი, ადამიანობისადმი. დარწმუნებული ვარ, ბევრი უნივერსიტეტი ინატრებს, რომ გიორგი ანთელავა სწორედ მისი პროფესორი იყოს, მაგრამ გიორგი ანთელავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რაც, გარწმუნებთ, უზომოდ გვიხარია და ვამაყობთ. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი, აქ თურქოლოგიის მნიშვნელოვანი კერის დაარსებასა და განვითარებაში. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო გიორგი, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.
პროფესორმა გიორგი ანთელავამ რექტორს უსახსოვრა მის მიერ გამოცემული ორი ახალი წიგნი: „ადოლფ ბერჟეს მოგზაურობა სამეგრელოში 1862 წელს“ (ფრანგულიდან თარგმნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ანთელავამ; წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ბეჟან ხორავამ. თბილისი, 2021); მონოგრაფია „თურქული სალიტერატურო ენის რეფორმა“ (ავტორი: გიორგი ანთელავა. თბილისი, 2022).
– დიდი მადლობა, ბატონო ზურაბ, ჩემთვის ამ მოულოდნელი ძვირფასი საჩუქრისა და თქვენი გულწრფელი მეგობრობისათვის. ეს დიპლომი ყველაზე ძვირფასი ჯილდო იქნება ჩემთვის, რაც კი ოდესმე მიმიღია, რადგან ის მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადმომცა. მე მჯერა, რომ ჩვენ აღვადგენთ გზებს, ხიდებს აფხაზებთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება იქ, სადაც დაიბადა და სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი. აი, სწორედ ამ მიზნებზე საუბრობთ თქვენს წიგნში „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც დღეს ასეთი თბილი წარწერით მისახსოვრეთ. ამ ნაშრომის გამოცემამდე, აი, ამ კაბინეტში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ იდეებზე, რომელიც თავმოყრილია ამ წიგნში. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თუკი ჩემს ასაკს, კომპეტენციასა და განათლებას ენდობით, რომ თქვენს მიერ ინიციირებული იდეა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ არ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს კუთვნილება, ის მალე ატაცებული იქნება არაერთი ქვეყნისა და უნივერსიტეტის მიერ. არც ერთ თაობაზეა გათვლილი ეს იდეა. ის იმ პატარა წყაროს ჰგავს, რომელიც მალე დიდ მდინარედ გადაიქცევა და ჩვენი მომავლის სახელმძღვანელოც იქნება, – აღნიშნა პროფესორმა გიორგი ანთელავამ.
News
Be always with us, join us on our Facebook page
