
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი online-კონფერენცია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენის დღეს ტრადიციულად აღნიშნავენ ხოლმე სხვადასხვა აქტივობებით.
2020 წლის 14 აპრილს მათ გამართეს პირველი ონლაინ-კონფერენცია. იდეის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი გვანცა გვანცელაძე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრატრო პროგრამების სტუდენტები:
მარიამ დანელიამ მოხსენება მარტვილიდან წაიკითხა, კესო დარსალიამ – ჩხოროწყუდან, ეკატერინე კონჯარიამ და სალომე წყაროზიამ – ზუგდიდიდან, ხოლო მონიკა ხობელიამ – წალენჯიხიდან.
სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ქართველური ენათმეცნიერების აქტუალურ საკითხებსა და ქართული სახელმწიფო ენის ფუნქციონირებას წარსულსა და ამჟამად.
მათ იმსჯელეს ჩვენი სახელმწიფო ენის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტის კეთილგანწყობას ამ ენის სწავლების საქმეში. ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებმა: მარიამ დანელიამ და კესო დარსალიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს მათი სოფლების ტოპონიმიკაზე, ხოლო ეკატერინე კონჯარიამ სამეგრელოში გავრცელებულ საინტერესო მეტსახელებზე გაამახვილა ყურადღება. მაგისტრანტებმა მონიკა ხობელიამ და სალომე წყაროზიამ მოამზადეს მასალა უშუალოდ 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, მოიძიეს ამ დღის მონაწილეთა მოგონებები და იმსჯელეს სახელმწიფო ენის შესახებ არსებული კანონის დადებით და დასახვეწ მხარეებზე.
სასიამოვნო იყო კონფერენციის მუშაობაში ქართულ ენაში მომზადების პროგრამის აზერბაიჯანელი სტუდენტების: ფიდან ქიარიმოვასა და ამაილ ფაშაევას მონაწილეობა, რომლებმაც ისაუბრეს სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობის შესახებ.
ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობა სხვა აზერბაიჯანელ სტუდენტებსაც სურდათ, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ეს არ მოხერხდა, თუმცა სტუდენტებმა: ფიდან კიარომოვამ, აიტაჩ ფაშაევამ, ფარი ბალგაზაროვამ, ანთიკა ისმაილოვამ, აითაჩ გარაჯაევამ, ნიგარ გაჯიევამ და თავიანთი სათქმელი მოკლედ ჩამოაყალიბეს ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც გავრცელდა ფეისბუკის საშუალებით.
კონფერენციას ესწრებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მონაწილეთა მოხსენებებს და შემდგომი წარმატებები უსურვა სტუდენტებს, მადლობა გადაუხადა მათ იმის გამო, რომ სადღეისოდ შექმნილ უმძიმეს სიტუაციაშიც კი არ დაივიწყეს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, იზრუნეს ცოდნის დონის ამაღლებაზე და პატივი მიაგეს სახელმწიფო ენას.
რაც შეეხება ვიდეოკონფერენციას, იგი პირველი და ღირსსახსოვარი მოვლენაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ისტორიაში.
სალომე წყაროზია,
მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი
News
Be always with us, join us on our Facebook page
