
აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურის ძეგლები
ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ცნობილ ენათმეცნიერს, პროფესორ
თეიმურაზ გვანცელაძეს მიეძღვნა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის, სამშვიდობო განათლების ცენტრისა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2021 წლის 16 ოქტომბერს ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია - „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურის ძეგლები“ გაიმართა. კონფერენცია ცნობილი ენათმეცნიერის, აფხაზოლოგისა და კავკასიის კვლევების სპეციალისტის პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა აფხაზეთის კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის ნაყოფიერ საქმიანობას, სამეცნიერო გამოკვლევებსა და სახელმძღვანელოებს აფხაზოლოგიის მიმართულებით. რექტორმა აღნიშნა, რომ აფხაზოლოგია სამშვიდობო განათლების ცენტრის მთავარი მიმართულებაა, რომლის ავანგარდში ბატონი თემური და მისი გუნდი დგას, რისთვისაც მადლობა გადაუხადა პროფ. თეიმურაზ გვანცელაძეს და უსურვა მას დღეგრძელობა და შემოქმედებითი აქტივობა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და თეიმურაზ გვანცელაძეს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ, რომლებმაც ისაუბრეს აფხაზეთის კულტურული ფასეულობების მნიშვნელობასა და როლზე ქართული კულტურის ისტორიაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიისა და თურქეთის უნივერსიტეტების ქართველოლოგები და კავკასიოლოგები. მილოცვებისა და მთავარი მოხსენების შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა: აფხაზოლოგია - აფხაზური ენა და ლიტერატურა; აფხაზეთმცოდნეობა - ისტორია, ეთნოლოგია, კულტურის ძეგლები;
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამშვიდობო განათლების ცენტრის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზეთის ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის სამსახურის, დუზჯეს უნივერსიტეტის (თურქეთი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის (თურქეთი), საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს,აფხაზეთის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მეცნიერები და მკვლევრები, რომელთა მოხსენებები, კვლევები და მილოცვები აფხაზეთის კულტურულ ფასეულობებს: ენას, ისტორიას, ეთნოლოგიას, ფოლკლორს, კულტურის ძეგლებს და პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლას ეხებოდა.
კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე, ორგანიზატორებისა და სექციის ხელმძღვანელების მიერ გადაწყდა, წარმოდგენილი მოხსენებები დაიბეჭდოს სპეციალურ საიუბილეო კრებულში.
ლია ახალაძე
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპატამენტის უფროსი
News
Be always with us, join us on our Facebook page
