
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქეთის მოქალაქემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა
2022 წლის 11 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგა თურქეთის მოქალაქის, დოქტორანტ ბურჯუ მელიჰა ქესერის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „მიმართვის ფორმები თურქულსა და ქართულში“. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ დაცული პირველი დისერტაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი უნივერსიტეტის მნიშვნელოვან ცნობადობას, ავტორიტეტსა და როლს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.
დისერტანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან ფაჩულია.
დისერტაციასთან დაკავშირებით, საექსპერტო დასკვნა წარმოადგინეს ფილოლოგიის დოქტორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მამარდაშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან მარგიანმა.
დისერტანტის ოფიციალური რეცენზენტები გახლდნენ: ზაალ კიკვიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და თამარ გითოლენდია, ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
სხდომას უძღვებოდა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მარიამ მირესაშვილი. სადისერტაციო საბჭოს სწავლულმა მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მირანდა თოდუამ საბჭოს წევრებს გააცნო დისერტაციასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაცია და აღნიშნა, რომ დოქტორანტმა საბაკალავრო განათლება სამშობლოში – თურქეთში – მიიღო, შემდეგი საფეხურები კი – მაგისტრატურა და დოქტორანტურა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.
ბურჯუ მელიჰა ქესერი არის პირველი უცხოელი, რომელსაც სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ მიანიჭა საძიებო აკადემიური ხარისხი. მან ქართულ ენაზე შეასრულა მოცულობითი, აქტუალური და ღირებული საკვალიფიკაციო ნაშრომი.
დაცვის პროცესი, ტრადიციულად, აკადემიურ, საქმიან გარემოში წარიმართა. საბჭოს წევრებმა სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და ახალგაზრდა მეცნიერს შემდგომი წარმატებები უსურვეს.
News
Be always with us, join us on our Facebook page
