
პროფესორი ვლადიმერ (თამაზ) კირცხალია – 75
2022 წლის 24 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ვლადიმერ (თამაზ) კირცხალიას 75 წელი შეუსრულდა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 75-ე წლისთავს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელს, ცნობილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, პროფესორ ვლადიმერ კირცხალიას.
ბატონო ვლადიმერ, უდავოდ დიდია თქვენი, როგორც მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დამსახურება ქართულ სამეცნიერო სივრცეში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს დედამიწის მაგნიტოსფეროსთან დაკავშირებული თქვენეული გამოკვლევებით, რომლებიც აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე – მის ფარგლებს გარეთ.
თქვენ, როგორც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონალური აკადემიის აკადემიკოსს, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრს, ამერიკული გამომცემლობა „Nova Publishers“-ის მიერ დაარსებული ჟურნალის „Georgian International Journal of Science and Technology“ რედკოლეგიის ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულების კურატორს დიდი ღვაწლი შეგაქვთ მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის წარმოჩინებაში მსოფლიო მასშტაბით. თქვენი ნაშრომები ხომ ყოველთვის პრობლემათა აქტუალობითა და სამეცნიერო სიღრმით გამოირჩევა.
ბატონო ვლადიმერ, კვლავაც გისურვებთ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტის სასახელოდ. თქვენი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგი – ასამდე სამეცნიერო პუბლიკაცია – დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც სტუდენტების, ისე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თქვენი პედაგოგიური საქმიანობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც არაერთი თაობა აღზარდეთ. ამჟამად კი თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენთან წარმატებით ხორციელდება სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები ფიზიკაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს! მზეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ!
ნესტან კეკელია,
ასოცირებული პროფესორი,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი
News
Be always with us, join us on our Facebook page
