
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის „სტუდენტ ჰაუსის“ შეთანხმებული ნაწილი უფასო იქნება
2020 წლის 13 ივლისს, სასტუმრო ბილტმორში გაიმართა 160-მილიონი ლარის ბიუჯეტის „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის პრეზენტაცია, ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ უძრავი ქონების სააგენტოები „ოთი ისთეითი“ და „თიბიჯი ჯგუფი“, რომლებიც 2020 წლიდან იწყებენ პროექტის განხორციელებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების, უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები.
„სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის პრეზენტაციისას უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეით“-ის გენერალურმა მენეჯერმა ქ-მა ნატალია ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს საქართველოში პირველი, მრავალფუნქციური სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში. „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექის დიზაინით და სტუდენტებისთვის ყველა საჭირო თანამედროვე სერვისით უზრუნველყოფით, როგორიცაა რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საკვებიობიექტები, უსაფრთხოების სისტემა და ბიზნეს სივრცეები. სტუდენტური საცხოვრებელი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა სამკითხველო, მოსასვენებელი, სამრეცხაო დარბაზები და სხვ. თბილისში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება დიდ დიღომში (მშენებლობა დასასრულს უახლოვდება), საბურთალოზე, ვაკეში და გლდანში. პრეზენტაციისას, სხვა უამრავ საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო ასევე საერთო საცხოვრებლის საფასურს, რომელიც ცალკე, მომავალი განხილვის საგნად მოიაზრა.
პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, განხილული იქნა პროექტის აქტუალობა და მნიშვნელობა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, ასევე სტუდენტებისათვის სწავლის პირობების გაუმჯობესების, ცხოვრების ხელშეწყობისა და საქართველოს უნივერისტეტების პოპულარიზაციის კუთხით.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე. მან პროექტის ორგანიზატორებს უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და ისაუბრა სსუ-ს ადგილზე და მნიშვნელობაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მის წარსულზე, აწყმოსა და განვითარების სამომავლო გეგმებზე უნივერსიტეტის განსაკუთრებული მისიის ხაზგასმით. ლ. თაკალანძე შეეხო აგრეთვე იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,მისი ხელმძღვანელობა; დაბოლოს, სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში შემოსულ ინვესტორებს შორის ეს პროექტი პირველი ინიციატივაა, რომელიც სტუდენტთა საცხოვრებლის საკითხის გადაჭრას ემსახურება და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს. შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს, უძრავი ქონების სააგენტოების „ოთი ისთეითი“ და „თიბიჯი ჯგუფი“-ს დირექტორების ბ-ნი ჰანი ჰებაში და ბ-ნი მაჰმუდ გამალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „ოთი ისტეითის“ გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ბარბაქაძემ საჯაროდ დაანონსა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის შეთანხმებული ნაწილი უფასო იქნება, რასაც დამსწრე საზოგადეობის მხრიდან დიდი მოწონება მოჰყვა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია უძრავი ქონების სააგენტო „ოთი ისთეითი“ და „თიბიჯიჯგუფი“-ს წარმომადგენლების ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესრი ზურაბ ხონელიძე, აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები მადლობას უხდიან ბ-ნ ჰანი ჰებაშს და ბ-ნ მაჰმუდ გამალს „სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის ინიციირებისთვის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის უფასო სტუდენტური საცხოვრებლის შეთავაზებისთვის.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
