
მემორანდუმი გერმანულ უნივერსიტეტთან
2020 წლის 10 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) პრეზიდენტმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ ხელი მოაწერეს
მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.
ხელმოწერის შემდეგ პროფესორმა ზ. ხონელიძემ ამ მემორანდუმის შესახებ
ისაუბრა: ამ მემორანდუმის შესახებ მე და ბატონი გიორგი ხუბუა დიდი ხანია ვსაუბრობთ
და ვმსჯელობთ. დღეს კი ეს დოკუმენტი უკვე არსებობს. ამ მემორანდუმით სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი ერთ კონკრეტულ გერმანულ უნივერსიტეტს კი არ დაუკავშირდა, არამედ კონსორციუმში
გაერთიანებულ რამდენიმე მნიშვნელოვან გერმანულ უმაღლეს სასწავლებელს. ეს მემორანდუმი
არის ძალიან სერიოზული ხიდი, კავშირი ევროპასთან, რომლის ორგანული და ისტორიული ნაწილი
საქართველოა. ჩვენ ვფიქრობთ და გვჯერა, რომ ევროპა არის ის ხიდი, რომელიც ქართველსა
და აფხაზს ხელახლა დააკავშირებს ერთმანეთთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ
გიორგის, რომელიც დიდი მეცნიერი და, შეიძლება ითქვას, ის პოტენციალია, რომელიც ჩვენს
ქვეყანას ჯერ სრულად არ გამოუყენებია. დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წაადგება არა მხოლოდ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არამედ – ზოგადად ჩვენს ქვეყანას.
ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი
ხუბუამ აღნიშნა, რომ მისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი
სასწავლებელი არაა: ჩემთვის ეს უნივერსიტეტი უძვირფასესია, რადგან მე ამ უმაღლესი სასწავლებლის
კურსდამთავრებული ვარ. ბატონო ზურაბ, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისათვის,
უნივერსიტეტის მისიისა და მიზნებისათვის. სხვათა შორის, სიტყვის „უნივერსიტეტი“ პირველი
ნაწილი „უნის“ სწორედ გაერთიანებას ნიშნავს. ჩვენ გვსურს, რომ აფხაზებთან ახალი საურთიერთობო
სივრცე გავაჩინოთ და ევროპა ამის შესაძლებლობას გავძლევს. ის უნივერსიტეტი, რომელსაც
ამჟამად მე წარმოვადგენ, იძლევა დიდ შესაძლებლობებს ამ იდეების განსახორციელებლად.
დღეს შეიძლება სწორედ ყველაზე გიჟური იდეა აღმოჩნდეს ყველაზე პერსპექტიული და ყველაზე
სიცოცხლისუნარიანი. მოდით, ვუთხრათ აფხაზებს, რომ ერთად „გავგიჟდეთ“ და ერთად ვეძიოთ
გამოსავალი ჩვენს შორის შექმნილი რთული მდგომარეობიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო თოფურიძე,
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ლარისა თაკალანძე, რექტორის მრჩეველი დავით ჯალაღონია,
საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი ინდირა
ძაგანია და დეკანები: ნესტან კეკელია, გიმზერ ალანია.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
