
HISCE - ისტორია, კულტურა, განათლება - ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და განათლების, მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის ინიციატივით 2020 წლის 23 და 24 დეკემბერს ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. HISCE - ისტორია, კულტურა, განათლება - ასე იშიფრება აბრევიატურა სამეცნიერო კონფერენციისა, რომელიც სამომავლოდ ტრადიციული უნდა გახდეს. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს დოქტორანტთა სამეცნიერო აქტივობებს და მათ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ისტორიის, კულტურისა და განათლების მიმართულების თემებს, რომელთა შესახებ საქართველოს, თურქეთის, გერმანიის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა იმსჯელეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ავსტრიის ლინცის პედაგოგოგიური ინსტიტუტის, ყარსის უნივერსიტეტის, ანკარის ჟანდარმერიისა და სანაპირო დაცვის აკადემიის, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის, არდაჰანის უნივერსიტეტის, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის, ბაქოს კავკასიის ისტორიის ცენტრის, გერმანიის შვანდორფის კოლპინგის საგანმანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.
საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს დარგობრივი მიმართულებით სპეციალური რეკომენდაციები მისცეს და მოხსენებს მოდერაციას უწევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ცენტრების წარმომადგენლები ზურაბ ხონელიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ენე სილვია სარვი (ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის საგანმანათლებლო ფონდი „ინოვე“), იბრაჰიმ თელლიოღლუ (სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტი), როინ ყავრელიშვილი (ყარსის უნივერსიტეტი/სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), როზეტა გუჯეჯიანი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გურანდა ჭელიძე (კავკასიის უნივერსიტეტი) სსუ ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების მიმართულების პროფესორები: ზურაბ პაპასქირი, ბეჟან ხორავა, ლია ახალაძე, კახა კვაშილავა, ომარ არდაშელია, გურამ მარხულია, თეიმურაზ ორმოცაძე, რუსუდან ფიფია, მაია ფირჩხაძე, ელისაბედ გარაყანიძე, ია ჯიჭონაია და სხვები.
კონფერენციის მუშაობაში 28 დოქტორანტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა განაცხადა თანხმობა და მიუხედავად მსოფლიოში არსებული რთული პანდემიური ვითარებისა, ორი დღის მანძილზე ყველა მათგანი, უფროს თაობასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული როგორც მოხსენებებით, ასევე დისკუსიებსა და ფორუმის შეჯამების პროცესში. მათთვის ეს იყო ორდღიანი სამეცნიერო დისკუსიის, ფიქრის, მსჯელობისა და გამოცდილების მიღების კარგი საშუალება.
კონფერენციის ფარგლებში შექმნილი პროგრამისა და მოხსენებათა თეზისების ელექტრონული ქართულ-ინგლისური ვერსია განთავსდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო მოხსენებათა კრებული, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, გამოქვეყნდება და აიტვირთება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
