
თურქეთის ელჩის გაცნობითი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2021 წლის 14 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს
თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ფატმა ჯერენ
იაზგანი და ატაშე განათლების საკითხებში, ბატონი იუქსელ ქარა გაცნობითი ვიზიტით ეწვივნენ.
სტუმრებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი
კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია, თურქოლოგიის საბაკალავრო
პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა.
ქალბატონმა ელჩმა მასპინძლებს ქართულად ქართული
ენის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ მნიშვნელოვან, ეროვნულ დღეს დაემთხვა
მისი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქალბატონი ფატმა აღფრთოვანებული იყო
იმით, რომ მასპინძელი რექტორის სახით მას ასევე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგის
მქონე პიროვნებას ხვდებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის
ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას, მის მნიშვნელოვან
და პოზიტიურ როლს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.
მე ძალიან მიხარია, რომ თქვენს უმაღლეს სასწავლებელში
მოქმედებს თურქოლოგიის პროგრამა, სწავლობენ თურქულ ენას, თურქეთის ისტორიას და აქ ყურადღება
ექცევა აღმოსავლეთმცოდნეობის ამ მნიშვნელოვან მიმართულებას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ,
– ბრძანა ქალბატონმა ელჩმა.
მან ისაუბრა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე
და აღნიშნა, რომ ამ კავშირების გასაღრმავებლად აუცილებელია აკადემიურ სფეროთა შორის
კონტაქტების გააქტიურება, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ურთიერთგაცვლა, ერთობლივი
კვლევების წარმოება. მან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ საკითხებში დახმარება
და თანადგომა აღუთქვა.
ბატონმა რექტორმა ქალბატონ ელჩს მადლობა გადაუხადა
სტუმრობისათვის.
თქვენ ძალიან სწორი მიმართულებით მოძრაობთ
და ზუსტ მისამართზე მობრძანდით, რადგან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ
უნივერსიტეტი, ის არის ხიდი, რომელიც, როგორც თქვენ შენიშნეთ, გააერთიანებს ქართველებსა
და აფხაზებს, არა მარტო ტერიტორიებს, არამედ – გულებსაც, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა.
მან სტუმრებს გააცნო საუნივერსიტეტო დიპლომატიის
იდეა, როგორც ახალი სახე დიპლომატიაში და მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა. მან ასევე
ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცების შესახებ, ამ პროცესში რეგიონის
სახელმწიფოების და დაინტერესებული აქტორების ჩართულობის აუცილებლობაზე. ქალბატონი ელჩი
და ბატონი ატაშე დაინტერესდნენ ამ კონცეფციით, რომელიც მათთვის სიახლეს წარმოადგენდა.
შეხვედრის პროცესში გაიმართა ვიდეოკონფერენცია თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩთან, მის აღმატებულება, ბატონ გიორგი ჯანჯღავასთან, რომელთანაც
ბატონ რექტორსა და ქალბატონ ელჩს მეგობრობა აკავშირებთ.
გაცნობითმა შეხვედრამ თბილ და უშუალო გარემოში
ჩაიარა. დაიგეგმა მომავალი შეხვედრები ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების გასამართავად
და თანამშრომლობისათვის.
შეხვედრის ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა და ქალბატონმა ელჩმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
