
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიხსნა
2014 წლის 14 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით, ინტერდისციპლინარული ყოველწლიური აკადემიური კონფერენციის დღეები გაიხსნა. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის მთავარ ორიენტირებსა და პრინციპებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, სამეცნიერო საქმიანობის სახეებზე, მის ეფექტურობასა და შეფასების წესებზე. უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნება ფუნდამენტური ცოდნის ძირითად მონაპოვარს და მეთოდოლოგიურად უზრუნველყოფს ახალი ცოდნის შექმნისთვის აუცილებელ პირობებს. უნივერსიტეტის მიზანია შექმნას კვლევითი გარემო, ხელი შეუწყოს კვლევით ჯგუფებს, მათი კვლევების აღიარებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო არენაზე. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდების ხვედრითი წილის გაზრდის აუცილებლობას: სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საქმიანობის ხელშეწყობას რამდენიმე მიმართულებით. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სადოქტორო პროგრამებსა და დოქტორანტთა მიერ ჩატარებულ კვლევებს. პროფ. ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული კონფერენცია გახსნილად გამოაცხდა და ფაკულტეტებზე დარგობრივი კონფერენციების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ნინო თოფურიძე, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტის მხრიდან სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო გამოცემების, კონფერენციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მხარდაჭერის პროგრამებზე.
პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა კონფერენციის მონაწილეებს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევა „აფხაზეთი საქართველოა“ - წარუდგინა. ნაშრომში ასახულია აფხაზეთის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ისტორია დასაბამიდან 1991 წლამდე. ნაშრომში განსაკუთრეული ყურადღება ეთმობა ე.წ. „სადავო საკითხებს“, რომელთა ირგვლივაც არ წყდება ფსევდომეცნიერული „სპეკულაციები“.
სამეცნიერო თვალსაზრისით, როგორი იყო 2020 წელი სსუ-ს ფაკულტეტებისთვის, შეძლეს თუ არა პანდემიის საფუძველზე არსებული გამოწვევების დაძლევა, რა პერსპექტივები და გეგმები აქვთ ფაკულტეტებს საუნივერსიტეტო ინტერდისციპლინარული დარგობრივი კონფერენციების ფარგლებში ? ამ და სხვა თემებზე ისაუბრეს სსუ ფაკულტეტების დეკანებმა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. ნესტან კეკელიამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. ირმა დიხამინჯიამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მერაბ ნაჭყებიამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. მერაბ გვარამიამ. თითოეულმა მათგანმა დეტალურად ისაუბრა გასული, 2020 წლის პანდემიის გამოწვევებზე და ფაკულტეტების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე სამეცნიერო საქმიანობის ეფექტურობის შენარჩუნებასა და 2021 წლისთვის დაგეგმილ სამეცნიერო საქმიანობაზე.
პანდემიისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი სერიოზული კვლევა „აფხაზური ენის ეკოლინგვისტური ანალიზი“ - დაასრულა. პროექტის მიზნებისა და შინაარსის შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.
მოხსენებების შემდეგ გაიმართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მარიამ მირესაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფ. კახა კვაშილავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფ. იზოლდა ბუხულეიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაშია.
საუნივერსიტეტო აკადემიური კონფერენციების დღეების ფარგლებში ჩატარებული პირველი კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასოც. პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც ისაუბრა აკადემიური პერსონალის კვლევითი შესაძლებლობების განვითარებაზე, უნივერსიტეტში კვლევითი გარემოს ხელშეწყობასა და სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზებისა და მართვის წესებზე.
ინტერდისციპლინარული ყოველწლიური აკადემიური კონფერენცია (პროგრამა)
ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
News
Be always with us, join us on our Facebook page
