ცნობილი ქართველი ექიმის ნახატების გამოფენა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2022 წლის 2 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსუ საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი სამსახურის ორგანიზებით, ლატვიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი, აფხაზეთელი ექიმის, ბატონ გიგა თოლორდავას ფერწერული ტილოების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა, სოხუმის უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაგეგმილი და სასიხარულოა, რომ ახლა მაინც მოხერხდა ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის შემოქმედების ახლოს გაცნობა.
ღონისძიებამ ერთად შეკრიბა ხელისუფლებისა და ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლები. გამოფენაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და ბატონი გიგას მეგობრები.
სტუმრებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა. მან ისაუბრა ბატონ გ. თოლორდავას შესახებ, მის ადამიანურ ღირებულებებზე, მის პროფესიონალიზმსა და დამსახურებებზე სამედიცინო სფეროში, ქირურგზე, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, მის მრავალმხრივ ნიჭზე, რომელიც ერთნაირად მჟღავნდება როგორც ქირურგიაში, ასევე ფერწერაში, ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა დარგში.
არა ერთი გამომსვლელის მიერ აღინიშნა, რომ ბატონი გიგა ბავშვობიდანვე გამორჩეული, შინაგანი სინათლით და სითბოთი სავსე ადამიანი იყო. სწორედ ეს გრძნობაა ალბათ, რომელიც ხელოვანმა ფერებით ტილოზე გადმოიტანა და ულამაზესი პეიზაჟები და ნატურმორტები სიყვარულით გაასხივოსნა.
ბატონი გიგას მიერ აფხაზეთის თემაზე შექმნილ ტილოებში მრავალ საყვარელ ადგილს ამოიცნობთ. მაგნოლიები, ყაყაჩოები და იასამნები თითქოს თავის სურნელს გაფრქვევენ, აფხაზეთის ზღვასა და წვიმას სულ სხვა სუნი აქვს, კაფე „დიოსკურია“ კი სოხუმური ყავის დასალევად გვიწვევს. გამორჩეულად ნათელი და თბილი პალიტრით ეფერება ბატონი გიგა თავის აფხაზეთს და „შინ“ დაბრუნების იმედს არ კარგავს.
ხელოვანის შემოქმედების მიღმა არც, აწ უკვე, მეორე სამშობლო – ლატვია – დარჩენილა და გამოფენაზე არაერთი ნამუშევარი იყო ამ ულამაზესი სახელმწიფოს პეიზაჟების ამსახველი. როგორც ბალტიისპირეთში ამბობენ, ასეთი გასხივოსნებული ლატვიის დახატვა მხოლოდ სახელგანთქმულ ქართველ ექიმს და ხელოვანს, ბატონ გიგას, შეუძლია.
გამოფენა დაამშვენა ბატონი გიგას შვილის, ცირა თოლორდავას მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. აღსანიშნავია, რომ ცირა ლატვიის „ნიჭიერი“-ს საპატიო მეორე ადგილის და ლატვიის “The Voice Kids”-ის გამარჯვებულია.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯ. გამახარიამ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, აქტიური საზოგადოებრივი და ეროვნული პოზიციისთვის,“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ღირსების ორდენოსანი გიორგი (გიგა) თოლორდავა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
ასევე, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით „ქართული ფოლკლორული სიმღერების პოპულარიზაციისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის“ დაჯილდოვდა ცირა თოლორდავა – მომღერალი და მომავალი ექიმი.
ამობეჭდვა
სიახლეები
იყავი მუდამ ჩვენ გვერდით, შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე
