ქართულ-თურქული ურთიერთობების IV საერთაშორისო სიმპოზიუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2017 წლიდან თურქეთის საისტორიო საზოგადოების ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ქართველი და თურქი ისტორიკოსების სამეცნიერო დიალოგს, რომლის ფორმატად საერთაშორისო სიმპოზიუმი იქნა შერჩეული. სიმპოზიუმების მიზანი იყო ქართული და თურქული საისტორიო წყაროების შესწავლა, არსებული სამეცნიერო ლიტერატურის, სხვადასხვა სადისკუსიო საკითხებისა და შეხედულებების გაცნობა. ქართულ - თურქული ურთიერთობების ისტორიის შესწავლა ოთხ ეპოქად დაიყო და თითოეულ მათგანს ცალკე სიმპოზიუმი მიეძღვნა. I საერთაშორისო სიმპოზიუმი 2017 წლის ნოემბერში, თურქეთში, ტრაპიზონის უნივერსიტეტში გაიმართა. მეორე, 2018 წელს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მესამე 2019 წლის დეკემბერში ანკარაში, თურქეთის საისტორიო საზოგადოების სათავო ოფისში. ანკარის შეხვედრაზე გადაწყდა, 2020 წლის შემოდგომაზე მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარება. სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის Covid -19-ის გართულებების გამო სიმპოზიუმი 2020 წელს ვერ ჩატარდა. 2021 წელს კოვიდრეგულაციების დაცვით ქართულ - თურქული ურთიერთობების IV საერთაშორისო სიმპოზიუმს - „ქართულ-თურქული ურთიერთობები XX საუკუნეში“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საერთაშორისო სიმპოზიუმს ხელმძღვანელობდა ფორუმის საპატიო საბჭო, საორგანიზაციო კომიტეტი და სამეცნიერო საბჭო, რომლებშიც ქართველი და თურქი ისტორიკოსები გაერთიანდნენ. სიმპოზიუმი 2021 წლის 26 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის მისაღებ დარბაზში გახსნა და ქართველი და თურქი ისტორიკოსების სამეცნიერო დიალოგი ღიად გამოაცხადა. სიმპოზიუმის მონაწილეებს მისალმნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია, თურქეთის ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი მუჰამედ ჰექიმოღლუ, თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ბიროლ ჩეთინი, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მუსა ქასიმლი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მერაბ ბერიძე. გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული სამეცნიერო სიმპოზიუმების მნიშვნელობაზე, თურქოლოგიის საქართველოში და ქართველოლოგიის თურქეთში განვითარებაზე, სამომავლო სამეცნიერო კონტაქტებზე და ა. შ. თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმან ჯერენ იაზგანმა სსუ-ს თურქოლოგიის მიმართულებას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა. თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ზურაბ ხონელიძის ინიციატივებზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ კონცეფციის მნიშვნელობას და როლს საშინაო და სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ელჩმა, პროფ. ზურაბ ხონელიძეს და მის კონცეფციას „კავკასიის გამაერთიანებელი ხიდი“ უწოდა.
მისალმების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ ქართულ - თურქული სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვეს სტუმრები: ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი, პროფესორები: მუჰამედ ჰექიმოღლუ, ბიროლ ჩეთინი და იბრაჰიმ თელლიოღლუ; თბილისში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალი ოღუზჰან იუქსელი. საქართველოს მხრიდან დაჯილდოვდნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სსუ თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ანთელავა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, რომელიც სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორთან იბრაჰიმ თელლიოღლუსთან ერთად ამ სიმპოზიუმების სულისჩამდგმელია. ქართულ-აზერბაიჯანულ სამეცნიერო ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, პროფესორი მუსა ქასიმლი.
დამსწრე საზოგადოებისთვის სასიამოვნო სიურპრიზად იქცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საზეიმო სხდომის გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მისასალმებელ სხდომაზე გააჟღერა: დროა, ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ ღირსეულად შეაფასოს პროფესორ როინ ყავრელიშვილის და პროფესორ იბრაჰიმ თელლიოღლუს ღვაწლი ქართულ-თურქული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თანახმად აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებისა, ქართულ - თურქული საერთაშორისო სიმპოზიუმების მაღალ დონეზე ორგანიზების, ჩატარებისა და მოხსენებათა ორენოვანი კრებულების გამოცემისთვის პროფესორებს როინ ყავრელიშვილს და იბრაჰიმ თლლიოღლუს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.
სიმპოზიუმის მუშაობის ორი დღის მანძილზე- 26 და 27 ნოემბერს გაიმართა ხუთი სხდომა, წაკითხული იქნა 11 თურქი და 13 ქართველი მეცნიერის 21 მოხსენება. მონაწილეობდნენ სტამბოლის, გირესუნის, საქარიას, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის, სამსუნის 19 მაისის, ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის, თურქეთის ფოლკლორის ცენტრის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს პარლამენტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებიც XX საუკუნის საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს იკვლევენ. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო აზერბაიჯანის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის კავკასიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, პროფესორ მუსა ქასიმლისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას მოხსენებები.
სიმპოზიუმის ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამეცნიერო პაექრობა, აზრთა სხვადასხვაობა, ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებული აკადემიური კამათი და დისკუსია საქართველო-თურქეთის ისტორიის მრავალ კარდინალურ საკითხზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ თურქეთის საისტორიო საზოგადოების, ათათურქის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს, წარმომადგენლები და ქართველი ისტორიკოსები. დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდა და ერთ-ერთ სხდომას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროფ. ჯემალ გამახარია. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს ხელს არ უშლიდა ისტორიკოს კოლეგებს დამეგობრებულიყვნენ, მისამართები გაეცვალათ და სამომავლო გეგმებიც დაეგეგმათ.
შემაჯამებელ სხდომაზე, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, წარმომადგენლებმა მაღალ დონეზე შეაფასეს სხდომებზე წაკითხული მოხსენებები, შერჩეული თემატიკა, სიმპოზიუმის გამოცემები და ორგანიზაციული მხარე, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს თითოეულ მომხსენებელს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საორგანიზაციო კომიტეტს. „მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, ვყოფილვარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მაგრამ არსად ისე თბილად და სიყვარულით არ დაგვხვედრია მასპინძელი, როგორც საქართველოში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მადლობა პროფესორ ზურაბ ხონელიძეს და მთელ უნივერსიტეტს, ქართულ-თურქულ საორგანიზაციო კომიტეტს, ვინც ჩვენს გვერდით იდგა ორი დღის მანძილზე“ - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პროფ. მუჰამედ ჰექიმოღლუმ. ასევე ამაღელვებელი იყო პროფესორების ბიროლ ჩეთინისა და მუსა ქასიმლის გამოსვლები, რომლებმაც უმაღლეს დონეზე შეაფასეს სიმპოზიუმის მასპინძლების მონდომება. დაე, ლაღად ფრიალებდეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები - აღნიშნა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა მუსა ქასიმლმა. IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქეთის საისტორიო საზოგადოებას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის განახლების დოკუმენტს.
ქართულ-თურქული IV საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა კულტურული ღონისძიებით, ჩვენმა სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისი: ნარიყალა და სოლოლაკი, მოინახულეს თბილისის მეჩეთი და ფუნიკულიორი, ზემოდან გადახედეს ქალაქს და მის ერთ-ერთ მულტიკულტურულ უბანს, სადაც ერთი ხელის გაწვდენაზეა ქართული ქრისტიანული ტაძარი, მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა, სომხური გრიგორიანული ეკლესია, კათოლიკური ტაძარი და მაზდეანური „ცეცხლის ტაძარი“. მოინახულეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, სვეტიცხოველი, სამთავროში წმ. ნინოს მაყვლოვანი და მცხეთის ჯვარი, მოისმინეს მრავალი ისტორიული და ლეგენდარული ამბავი ჩვენი ქვეყნის წარსულიდან.
სიმპოზიუმის ფარგლებში გამოქვეყნდა პროგრამა, მოხსენებათა თეზისები, ბანერები და ოფიციალური სერტიფიკატები. მასალები განთავსდა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე და დაიწყო მზადება მოხსენებათა კრებულის გამოცემისთვის. საგულისხმოა, რომ წინა სამი სიმპოზიუმის შედეგები გამოქვეყნდა, სამენოვანი პროგრამის, თეზისების და ორენოვანი (ქართულ-თურქული) მოხსენებათა კრებულების სახით. I, II და III სიმპოზიუმის კრებულებში ქართულ და თურქულ ენებზე, ინგლისური რეზიუმით წარმოდგენილია ქართველი და თურქი ისტორიკოსების ნაშრომები, წყაროები და სამეცნიერო შეხედულებები, რომლებიც აქამდე უცნობი იყო ერთმანეთისთვის. მსგავსი ფორმატის სამეცნიერო შეხვედრებს მანამდე მოკლებული იყვნენ ისტორიკოსები და სამეცნიერო ინფორმაციის ასეთი მასშტაბური გაცვლა პირველად განხორციელდა ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებში.
ქართულ-თურქულმა საერთაშორისო სიმპოზიუმებმა გაზარდა სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, მოგვცა დისკუსიისთვის აუცილებელი ფორმატი, გააფართოვა მეცნიერებს შორის კავშირები და რაც მთავარია, განავითარა ქართულ-თურქული სამეცნიერო ურთიერთობები. ეს სამეცნიერო დიალოგი დაახლოებს ორი ქვეყნის ისტორიკოსთა სამეცნერო პოზიციებს, საფუძველს ჩაუყრის ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საისტორიო აზროვნების განვითარებისთვის.
მოხსენებათა მოკლე შინაარსები// Özet Kitapçığı Book of Abstracts
ლია ახალაძე
სამეცნიერო კვლევებისა და განვიტარების დეპარტამენტის უფროსი
News
Be always with us, join us on our Facebook page
